საზოგადოება
01.04.2022 10:30
დე ფაქტო მთავრობას და რუსეთს არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები „სამხრეთ ოსეთის“ მომავალზე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.

პრაისის განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის მთავრობას არ აქვთ უფლება, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები „სამხრეთ ოსეთის“ მომავალზე, რომელიც საქართველოს ნაწილია.

„დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის მთავრობას არ აქვთ უფლება, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები „სამხრეთ ოსეთის“ მომავალზე, რომელიც საქართველოს ნაწილია. ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის და მისი მარიონეტული ძალისხმევის შედეგებს, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაყოფისკენ. ვადასტურებთ ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში შევა, რისთვისაც უახლოეს მომავალში „სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“.

არსებული ინფორმაციით, დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 10 აპრილს იგეგმება.

კვირის ამბები