კონფლიქტები
01.04.2022 09:23
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, -  ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტებასაც აკეთებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, დაკავებული პირი შეიარაღებულ ძალებში მსახურობს.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, უკანონოდ დაკავებული პირი მოქმედი სამხედროა, სიმართლეს არ შეესაბამება.

უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ მდგომარეობას“, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები