რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერების, საკრებულოების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების მონაწილეობით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა.
შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა 2022 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის ეტაპები განიხილეს. სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2022 წელს დაფინანსებული 27 პროექტი წინასწარ განსაზღვრულ ვადებში უკვე დაკონტრაქტდა, შესაბამისად, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცათ, ეკონომიების ხარჯზე დამატებითი პროექტები წარადგინონ.
შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე განიხილეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტები. მიმდინარე წელს, რეგიონის მასშტაბით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 4 390 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.