საზოგადოება
31.03.2022 11:35
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა იწურება

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 4 აპრილს სრულდება. გამოცდაზე გასვლის მსურველებს, განაცხადის შევსების ვადა მომავალ ორშაბათს, 18:00 საათამდე აქვთ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, აპლიკანტები რეგისტრაციას მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

უწყება აბიტურიენტებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის პროცედურებსა და ვადებს, მანამდე კი აუცილებლად გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას.

ცნობისთვის, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელს 1-ელ მარტს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა; საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ; საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

კვირის ამბები