საზოგადოება
31.03.2022 11:24
უკრაინიდან საქართველოში ჩამოსული მარიამ მძინარაშვილი სწავლას გორის მე-3 საჯარო სკოლის 1-ელ კლასში განაგრძობს

უკრაინიდან საქართველოში ჩამოსული მარიამ მძინარაშვილი სწავლას გორის მე-3 საჯარო სკოლის 1-ელ კლასში განაგრძობს.
მარიამი სკოლაში ოჯახის წევრებმა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მიაცილეს.
მარიამ მძინარაშვილის მამა გორელია, თუმცა იგი უკრაინის მოქალაქეა და წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად ხარკოვში ცხოვრობდა. მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, ოჯახი იძულებული გახდა, ხარკოვი დაეტოვებინა.

თანადგომის ნიშნად, მარიამ მძინარაშვილს თანაკლასელები უკრაინის დროშებით შეხვდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს საქართველო სთავაზობს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე სხვა ენებზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომელიც უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩარიცხვას ეხება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეების ჩარიცხვა მოხდება იმ კლასში, რომელ კლასშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინაში.

კვირის ამბები