რჩევები
30.03.2022 16:00
როდის და როგორ უნდა დათესოთ სააღდგომო ჯეჯილი
ჯეჯილი, ისევე როგორც პასკა და წითელი კვერცხი, აღდგომის განუყოფელი ნაწილია.
იმისთვის, რომ ამ ქრისტიანულ დღესასწაულზე, თქვენს სუფრას ლამაზი ჯეჯილი ამშვენებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ.
ბევრმა დიასახლისმა ჯეჯილის გახარება კარგად იცის, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ამის გამოცდილება ჯერ არ აქვთ ან კარგი მეთოდი ვერ აღმოაჩინეს. გთავაზობთ ჯეჯილის გახარების გამოცდილ და მარტივ გზას.
აიღეთ სასურველი რაოდენობის ხორბლის მარცვალი. გარეცხეთ, დაასხით ოდნავ შემთბარი წყალი და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში.
დილით წყალი გადაღვარეთ, ისევ გარეცხეთ, ჩაყარეთ მინის ქილაში და თავზე დააფარეთ. დადგით თბილ ადგილას და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში.
მომდევნო დღეს კიდევ ერთხელ გადაავლეთ წყალი, ლანგარზე დააფინეთ ბამბა და გაანაწილეთ მარცვალი 1-1,5 სმ სისქეზე.
ლანგარი გამათბობელთან დადგით. რაც უფრო თბილად იქნება, უფრო სწრაფად გაიზრდება.
გაითვალისწინეთ: ლანგარზე დაფენილ ხორბალს მორწყვა არ სჭირდება. მხოლოდ ზემოდან მოასხურეთ წყალი დილა-საღამოს, რათა არ გამოშრეს.
უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ერთი რჩევაც - ნუ დათესავთ ხორბალს აღდგომამდე ძალიან ადრე. სასურველი ზომის ჯეჯილის მისაღებად, ორი კვირით ადრე დათესვა საკმარისია.
კვირის ამბები