საზოგადოება
30.03.2022 11:02
უკრაინაში 145 ბავშვი დაიღუპა და 222 დაშავდა, სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად, დაზიანდა 790 სასწავლო დაწესებულება, 75 კი სრულად განადგურდა

24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში 145 ბავშვი დაიღუპა და 222 დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ინფორმაციის თანახმად, საომარი მოქმედებების დროს, უკრაინის ტერიტორიაზე დაზიანდა 790 სასწავლო დაწესებულება, 75 საგანმანათლებლო დაწესებულება კი სრულად განადგურდა.

,,უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რაიონებში და ქალაქ კიევში. ამ დროის დადასტურებული მონაცემებით, 145 ბავშვი დაიღუპა და 222 დაშავდა. რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად, უკრაინის ტერიტორიაზე დაზიანდა 790 სასწავლო დაწესებულება, 75 კი სრულად განადგურდა. ეს მონაცემები არ არის საბოლოო, ვინაიდან არ არსებობს აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბომბვის ადგილების შემოწმების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს პროკურორი.

შეგახსენებთ, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მოსახლეობის გადაადგილების მასშტაბი უპრეცედენტოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

UNHCR-ის ცნობით, ომის გამო საკუთარი სახლი 10 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა. მათგან, 4 მილიონამდე ადამიანმა ქვეყანა დატოვა, 7 მილიონზე მეტმა უკრაინელმა კი დატოვა საკუთარი სახლი და თავი ქვეყნის შედარებით უსაფრთხო ტერიტორიებს შეაფარა.

კვირის ამბები