„საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე“, - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, თამბაქოს მოხმარების მავნებლობის შესახებ ამ სახელწოდებით გაიმართა ყოველი 29 მარტისთვის ტრადიციული ღონისძიება.
აქტივობა სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანში“ მოეწყო და დამსწრე საზოგადოებისთვის თამბაქოს კვამლის მავნებლობასთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათს ატარებდა.
„გააძლიერე ჩართულობა - შეცვალე ჩვევა“ - ასეთია წელს თამბაქოს წინააღმდეგ კამპანიის სლოგანი.
„ეს დღე, ყოველ წელს, სხვადასხვა პრიორიტეტული თემების გაცნობით აღინიშნება, წელს იგი საზოგადოების ჩართულობას ეძღვნება, რადგანაც საზოგადოების როლი და პოზიტიური გავლენა გადამწყვეტია თამბაქოს მოხმარების პრევენციისთვის.
ამ სლოგანით გაერთიანებულ საზოგადოებას შეუძლია შექმნას საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე. პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად თითოეული ადამიანის ჩართულობა, ინიციატივა და კანონის აღსრულება მნიშვნელოვანია. გვახსოვდეს, რომ ყოველი მოქალაქის ჩვევა განსაზღვრავს საზოგადოების ქმედებას.
ვფიქრობთ, სამოქალაქო სექტორის აქტიური ნაწილისა და მედიის ერთობლივი ქმედებებითა და ძალისხმევით, შესაძლებელია, მოვახდინოთ პოზიტიური გავლენა თითოეულ ადამიანზე და შევცვალოთ მავნე ჩვევა, ეს უზრუნველყოფს ჯანსაღ გარემოს და მომავალი თაობების სწორ დამოკიდებულებას თამბაქოს მოხმარების მიმართ. ჩვენ, ყველას ერთად შეგვიძლია შევქმნათ საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე“, - აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.
კოალიციის „გორი თამბაქოს გარეშე“ წარმომადგენელი ლია გორელიშვილი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებში თამბაქოს მავნებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვანია და აღნიშნავს, რომ კოალიიციის მიერ 2 წლის განმავლობაში განხორციელებული არაერთი პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
„კოალიციაში შედიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საჯარო სკოლების წარმომადგენლები, უკვე ორ წელზე მეტია, რაც ვთანამშრომლობთ და ამ ხნის განმავლობაში ვახორციელებთ არაერთ საინტერესო ერთობლივ პროექტს. პროექტების შინაარსი ძირითადად ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით. სასიამოვნოა, რომ პროექტში აქტიურად არიან ჩართულები გორის საჯარო სკოლები და ასევე საზოგადოება „ბილიკის“ ბენეფიციარები“, - განაცხადა ლია გორელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 29 მარტს, საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო დღე - „საქართველო თამბაქოს გარეშე” აღინიშნება.