18.12.2019 17:45
ტყეში ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე - თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა სცადა
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი წევრი ერეკლე კუხიანიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ჩასვლას და დე ფაქტო რეჟიმის ლიდერთან - ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრას გეგმავდა. კუხიანიძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა გუშინ შეძლო, თუმცა, გზა აერია და უკან დაბრუნდა. დღეს კი, როდესაც გამყოფი გაზის მიღმა გადასვლის მცდელობა მეორედ ჰქონდა, მას ამის საშუალება ქართველმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.
„გუშინ ვცადე, რომ ჩემი ჩანაფიქრი განმეხორციელებინა და ჩემი წვლილი შემეტანა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში. მქონდა ჩემი კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მომხდარიყო ეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ სადღაც ტყეში ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს კი, ეს ამბავი უკვე გახმაურდა და არ მინდა, ეს ყველაფერი ცირკს დაემსგავსოს“, - აცხადებს ერეკლე კუხიანიძე. კუხიანიძის თქმით, იგი დარწმუნებული იყო, რომ დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე მას დააკავებდნენ, ამიტომ მომზადებული წავიდა და ხელჩანთით პირადი ნივთებიც წაიღო. მისი მიზანი კი, როგორც თავად აცხადებს, ბიბილოვთან შეხვედრა და გასაუბრებაა, რის საფუძველზეც, დარწმუნებულია, რომ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ერეკლე კუხიანიძემ დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა, ფაქტს როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გუნდში უკმაყოფილება მოჰყვა. ცოტა ხნის წინ კი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ტყემალაძემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ საკრებულოს უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ერეკლე კუხიანიძემ დატოვა როგორც უმრავლესობა, ასევე გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა.