29 მარტს, საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო დღე - „საქართველო თამბაქოს გარეშე” აღინიშნება.
ღონისძიებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით აღნიშნავს, მიზანი კი, თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობასა და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლებაა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რითაც საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანა გახდა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით.
კვლევების თანახმად, თამბაქოს დიდი რაოდენობით მოხმარება სიმსივნური დაავადებების განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ის ზრდის ფილტვის, კუჭის, თირკმლის, პანკრეასის, საშვილოსნოს კიბოს წარმოქმნის რისკს.
მოწევა განსაკუთრებით მავნეა გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. ნიკოტინი ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნას, რაც ქმნის ინფარქტის და ინსულტის საშიშროებას.
თამბაქოს მოხმარება ორსულობის დროს იწვევს ნაყოფის დაზიანებას, ნაადრევ მშობიარობას, მოწევა ხელს უშლის ნაყოფის განვითარებას, იზრდება გულის თანდაყოლილი დაავადებების რისკი.
თამბაქოს მომხმარებელთა ერთ-ერთ პრობლემას მხედველობის გაუარესებაც წარმოადგენს. კვამლში არსებული ტოქსიკური ნივთიერებები აღიზიანებს ლორწოვან გარსს.
საქართველოში თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის ტაქსებშიც) და სტადიონზე.
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. აგრეთვე, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;
სტადიონზე, რომელსაც ადმინისტრაცია ჰყავს.
თამბაქოს მოწევა ნებადართულია ფიზიკური პირის ავტომობილში, თუ სატრანსპორტო საშუალებაში არ იმყოფება ბავშვი; საცხოვრებელ სახლში; პენიტენციურ დაწესებულებაში; წინასწარი დაკავების იზოლატორში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 1987 წლიდან, ყოველ 31 მაისს აღინიშნება „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე“.