საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად, მსურველებს რეგისტრაციის გავლა ხვალიდან, 29 მარტის 10:00 საათიდან შეეძლებათ. როგორც ცნობილია, რეგისტრაცია 14 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ მიმდინარე წელს მსურველებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ: საგნის გამოცდა; სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდა; პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
ცნობისთვის, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.
ამასთან, საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ არის შეზღუდული და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური); მათემატიკა (დაწყებითი საფეხური); ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I - IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია; უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული; ესთეტიკური აღზრდის საგნები - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები.
შეგახსენებთ, რომ ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ამასთან, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე დამატებით ვერ აირჩევს რეგისტრაციის დროს საგნის გამოცდას.
გარდა ამისა, წელს, პირველად, არაქართულენოვან მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, ჩააბარონ მშობლიური ენის გამოცდა. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) სომხური და აზერბაიჯანული ენების ტესტები მომზადდა.
გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.
რეგისტრაციის დროს გამოსაცდელმა უნდა მიუთითოს: პირადი ნომერი; საკონტაქტო ტელეფონის ნომერი; საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს (შესაძლებელია მხოლოდ ერთი საგნის არჩევა); სასურველი საგამოცდო ქალაქი. ამასთანავე, გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
საგნის, სპეციალური უფროსი მასწავლებლისა და პროფესიული უნარების გამოცდებში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი. აპლიკანტებს გამოცდის საფასურის გადახდის შესაძლებლობა აქვთ როგორც ონლაინ, ასევე ბანკის სერვის-ცენტრებსა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
განაცხადები მიიღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ქ.თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ასევე ელექტრონულად ფოსტაზე: gancxadebebi@naec.ge (ელექტრონულად განაცხადის გამოგზავნის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე).