საზოგადოება
28.03.2022 13:45
საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის სტუმართა რაოდენობრივი შეზღუდვა გაუქმდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, დღეიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის სტუმართა რაოდენობრივი შეზღუდვა უქმდება.

როგორც ცნობილია, რაოდენობრივი შეზღუდვა ასევე უქმდება სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე.

„უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურზე. ამასთანავე, უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ რამდენიმე დღის წინ.

შეგახსენებთ, რომ 28 მარტიდან უქმდება ღია სივრცეში პირბადის გამოყენების ვალდებულება და მოქალაქეებს ნიღბის ტარება მხოლოდ დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოეთხოვებათ. რაც შეეხება შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ამ შემტხვევაში მოქალაქეები კვლავ ვალდებული არიან პირბადე ატარონ.

აქვე შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აპრილის განმავლობაში გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა, რომლის თანახმად, 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილებები საბჭომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღო.

კვირის ამბები