სამართალი
18.12.2019 15:25
გორში ნაცემი ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაში რჩება

გორში ნაცემი ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე „გორმედის“ კლინიკაში რჩება და მკურნალობის შესაბამის კურსს გადის. არსებული ინფორმაციით, დაშავებულს თავის ტვინის შერყევა აქვს.

„გორმედში“ შემოყვანილია 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება დაზიანებები სახის არეში და ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევის შედეგად, დადგინდა თავის ტვინის შერყევა. პაციენტი რჩება სტაციონარში და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა „გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ მაისურაძემ.

შემთხვევა გუშინ საღამოს, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად, 2001 წელს დაბადებულ ახალგაზრდას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი მსუბუქი ავტომანქანით გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დაზარალებულის ადგილსამყოფელი მალევე დაადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თუმცა, როგორც GMnews-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამორიცხული არ არის, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

კვირის ამბები