დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ სამასამდე დევნილ ოჯახს შეუსყიდის
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, სოფლად სახლის შესყიდვაზე თანხმობა კიდევ 300-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ეთქვა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, იძულებით გადაადგილებული ოჯახები, სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა მიეცათ.
შეგახსენებთ, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, თითოეული დევნილი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა, გასული წლის დეკემბერში გაიზარდა. როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგად განსახლების პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდა.