პაპილომა ვირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსგან დაცვის მიზნით, საქართველოს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული უფასო ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება. ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე სპეციალისტების თქმით, იმუნიზაციის აღნიშნული მეთოდი ყველაზე ეფექტური საშუალებაა კიბოს პრევენციისთვის.
პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია დაიწყო გორშიც. მთავარი სლოგანია - აცერი და დაიცავი შენი გოგონა კიბოსაგან დღესვე - ვაქცინაცია უფასოა!
„პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ვირუსების იმ ტიპების წინააღმდეგაა შექმნილი, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული და საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს. მსოფლიოში, აღნიშნული დაავადების შედეგად, ყოველწლიურად, 3000-მდე ადამიანი იღუპება. საქართველოში კი, ეს მაჩვენებელი 200 უდრის. გეტყვით იმასაც, რომ პაპილომა ვირუსის 200-მდე ტიპი არსებობს, აქედან 16-ე და 18-ე შტამი სასიკვდილოა და იწვევს გენიტალურ მეჭეჭებს, პირხახის და ანოგენიტალურ სიმსივნეებს, როგორც ქალებში, ასევე, მამაკაცებში. რაც შეეხება ვაქცინაციას, საქართველოს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 10,11, 12 წლის ასაკის გოგონებში მიმდინარეობს. აცრის კურსი ორ ეტაპს მოიცავს, სამედიცინო მანიპულაციებს შორის შუალედი კი, ექვსი თვე უნდა იყოს“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას „გორმედის“ პოლიკლინიკის ექიმმა ნანა განჯელაშვილმა.
განჯელაშვილის თქმით, განსაკუთრებით საჩქარო 2007 წელს დაბადებული გოგონების აცრაა, რადგანაც 13 წლის შესრულებისას მოზარდები სამედიცინო პროგრამაში ვეღარ ჩაერთვებიან.