კონფლიქტები
01.10.2019 22:16
ერგნეთში გამართული მორიგი ტექნიკური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა

სამწუხაროდ, ცხინვალელი მონაწილეები კვლავ არ აღმოჩნდნენ მზად კონსტუქციული დიალოგისთვის, - ამგვარი განცხადება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ერგნეთში გამართული მორიგი ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, მთავარი საკითხი რაზეც ტექნიკურ შეხვედრაზე იყო საუბარი, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული პროცესებია.

„სამწუხაროდ, ცხინვალელი მონაწილეები კვლავ არ აღმოჩნდნენ მზად კონსტუქციული დიალოგისთვის. კერძოდ ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ წაღვლი-ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში, შეწყდეს ყოველგვარი უკანონო აქტივობა, რაც წარმოადგენს ადგილზე დაძაბული სიტუაციის განმაპირობებელ ფაქტორს. მათ საპირისპიროდ გააჟღერეს უვკე არაერთგზის დეკლარირებული პოზიცია, რომ ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო უნდა მოიხსნას, რაც მიუღებელია. აღნიშნული საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ საკითხზე დისკუსიები გაგრძელდება ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება. ამასთან კიდევ ერთხელ შეხვედრის ყველა მონაწილემ აღნიშნა მზადყოფნა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აუციელებლია დიალოგის გაგრძელება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

 

კვირის ამბები