ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასასამართლომ დაუშვებლად ცნო 370 ინდივიდუალური საჩივარი, რომელთა წარდგენაც სტრასბურგში ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხდა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
„საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია, რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის განმავლობაში საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ დაახლოებით 3 ათასიდან 4 ათასამდე საჩივარს. სტარსბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციებეული რეფორმების შედეგია, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ“, - განაცხადა ბრეგაძემ.