საზოგადოება
18.12.2019 14:04
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს

„მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო  კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება. კერძოდ, მახათას მთაზე აშენდება სამხედრო ქალაქი, სადაც სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.  

მინისტრის თქმით, საბინაო პოლიტიკის სრული მოდიფიცირება განხორციელდა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა არსებული პროგრამა. სიახლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ. ამ დრომდე თუ მათ ღირებულების 60%-ის დაფარვა უწევდათ, ახალი პირობებით, 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც თვითღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„ამ ეტაპზე, პროექტი ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შეეხება. გეგმის მიხედვით, თავდაცვის უწყებაში მომუშავე ოფიცრები და სერჟანტები უპრეცედენტო შეთავაზებას მაქსიმალურად სამართლიანი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 200 დოლარი იქნება და სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. გეტყვით იმასაც, რომ სამხედრო პირებს საშუალება ექნებათ სრულიად უპროცენტო, შიდა განვადებით ისარგებლონ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

როგორც ირაკლი რარიბაშვილმა განმარტა, პროექტი გაგრძელდება და შეუქცევადი გახდება. მინისტრის ბრძანებით კი, დამტკიცდება გრძელვადიანი, განგრძობითი ბინათმშენებლობის პროგრამა, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს.

კვირის ამბები