საზოგადოება
22.03.2022 16:59
ნოვრუზ ბაირამი ოთარშენის სკოლაში - დღე, რომელიც 2010 წლიდან, საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულადაა გამოცხადებული

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. სახალხო დღესასწაული 21 მარტს დაიწყო და ტრადიციულად, სამ დღეს გაგრძელდება.

სოფელ ოთარშენის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობის ინიციატივით, სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯანელია, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ის ტრადიციები წარმოადგინეს, რაც ამ დღესასწაულისთვისაა დამახასიათებელი.

ღონისძიებას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი,  მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი რამაზ შიოშვილი, მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ბერიანიძე, მერის წარმომადგენელი, მოსწავლეების მშობლები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნოვრუზ ბაირამის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყებამდე, სკოლის დირექტორმა თამილა კეკოშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ უკრინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაღუპული საქართველოს მოქალაქეების, დაღუპული უკრაინელი ბავშვებისა და სხვა გარდაცვლილთა ხსოვნისთვის.

,,ბუნებრივია, მაშინ, როდესაც საქართველოს სამეზობლოში მდებარე ქვეყანაში საომარი ვითარებაა და ყოველდღიურად უამრავი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის, უამრავი ბავშვი იღუპება, საზეიმო განწყობა არც ჩვენთან გახლავთ, ამიტომ, თავდაპირველად, წუთიერი დუმილი პატივი მივაგეთ დაღუპულთა ხსოვნას, ჩვენი მოსწავლეების თანატოლი იმ ბავშვების სახელებს, რომელთა სიცოცხლეც ამ ომმა იმსხვერპლა. რაც შეეხება ღონისძიებას, საქართველოში ყოველთვის თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ერები, პატივს ვცემთ ერთმანეთის ტრადიციებს, კულტურას, მითუფრო, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში 2010 წლიდან ოფიციალურადაა გამოცხადებული საერთო სახალხო დღესასწაულად. აქ შეკრებილ საზოგადოებას მოსწავლეებმა ის ტრადიციები გააცნეს, რაც ამ დღესასწაულისთვისაა დამახასიათებელი. მადლობას ვუხდი ყველა სტუმარს - გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს და ბუნებრივია, მოსწავლეების მშობლებს, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, - აღნიშნა თამილა კეკოშვილმა.

რაც შეეხება ნოვრუზ ბაირამს, სიტყვა ნოვრუზის ერთი ნაწილი „ნოვ“ ახალს, ხოლო მეორე - „რუზ“, დღეს ნიშნავს.

21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ და შესაბამისად, ნოვრუზ ბაირამიც გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი, ახალი წლის დღესასწაულია.

საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, ეს დღე არა ისლამური, არამედ, აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია.

2010 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. რაც შეეხება საქართველოს, 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.

კვირის ამბები