საზოგადოება
22.03.2022 12:55
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების სია და იმ აფთიაქების რაოდენობა, სადაც აღნიშნული მედიკამენტებია ხელმისაწვდომი მუდმივ რეჟიმში იზრდება
იმ აფთიაქების რაოდენობა გაიზრდება, სადაც თურქეთიდან შემოტანილი დაბალფასიანი მედიკამენტები ხელმისაწვდომი იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, საქართველოში თურქეთიდან 50-მდე დასახელების წამალია შემოტანილი და მუდმივ რეჟიმში იზრდება როგორც თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების სია, ასევე იმ აფთიაქების რაოდენობა, სადაც აღნიშნული მედიკამენტებია ხელმისაწვდომი.

„ამ დროისთვის, თურქეთიდან უკვე 50-მდე მედიკამენტია იმპორტირებული. ამავდროულად, აქტიურად გრძელდება ახალი მედიკამენტების რეგისტრაციაც. ყველა ის მედიკამენტი, რომელიც შესაძლებელი იყო პროაქტიულად დაგვერეგისტრირებინა, სამინისტრომ დაარეგისტრირა და ფარმაცევტულ ბაზარს შეუძლია, თამამად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, პირდაპირ შემოიტანოს მედიკამენტები. ამასთან, ბუნებრივია, გაიზარდა და ეტაპობრივად გაიზრდება იმ აფთიაქების რაოდენობა, სადაც თურქეთიდან შემოტანილი დაბალფასიანი მედიკამენტებია ხელმისაწვდომი. გუშინ სამინისტროს გვერდზეც განვათავსეთ ინფორმაცია, სადაც მითითებულია კონკრეტული აფთიაქები, თუ რომელ ლოკაციებზეა ხელმისაწვდომი მედიკამენტები“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რის შედეგადაც, თურქეთიდან, უკვე 50-მდე დასახელების პრეპარატია იმპორტირებული და მათი ფასი 60-80%-ით არის შემცირებული.
კვირის ამბები