საზოგადოება
22.03.2022 12:20
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ქვეკომპონენტი ემატება
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ქვეკომპონენტი ემატება, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, უწყება, ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას განახორციელებს, წლიური9%-ის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა კი, 18%-ით არის დადგენილი.
პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრა 5,000 ლარიდან 100, 000 ლარის ჩათვლით.

ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).
„ ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების, ერთწლოვანი კულტურებისთვის შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების სამუშაოების, გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას“, - ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
 
 
კვირის ამბები