გორის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანდაცვის მიმართულებით, არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს. მათ შორის, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს უფინანსებს საჭირო კვლევებს, მედიკამენტებსა და სამედიცინო პროცედურებს.
გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამისთვის გამოყოფილ ბიუჯეტში სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეების დახმარებასთან ერთად, ხარჯები დაუნის სინდრომის მქონე პაციენტების მხარდაჭერისთვისაცაა გათვალისწინებული.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, გასულ წელს, გორის მერიას, აღნიშნული დახმარების მიღების თხოვნით 400-მდე ბენეფიციარმა მიმართა, თუმცა, როგორც გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, ამ მუხლით დახმარებას იღებენ როგორც დაუნის, ასევე აუტიზმის, ცერებრალური დამბლის და სხვადასხვა სინდრომის მატარებელი ბავშვები.
„გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედ სოციალური დახმარების პროექტში გათვალისწინებულია როგორც დაუნის სინდრომის, ასევე სხვადასხვა პათოლოგიების მქონე ბავშვების ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ კონკრეტული მონაცემი არ გვაქვს, რამდენი ბენეფიციარი სარგებლობს მხოლოდ დაუნის სინდრომის დიაგნოზით, შესაბამისად, ვერ დაგისახელებთ ცალკეულ ციფრს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ გარდა სოციალური დახმარებისა, ჩვენ ამ პათოლოგიის ბავშვებისთვის ასევე გვაქვს სოციალური პროექტიც, რომელსაც „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან ერთად ვახორციელებთ. ჩემი ინფორმაციით, ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისებით 10-12 ბენეფიციარი სარგებლობს“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ დავით ჩიხრაძემ.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარებს შეუძლიათ ერთჯერადი 500-ლარიანი ფულადი დახმარებით ისარგბელონ, მათთვის ასევე გათვალისწინებულია 500-ლარიანი დაფინანსება მკურნალობისა და მედიკამენტების ხარჯების ასანაზღაურებლად.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება. რატომ 21 მარტი? - როგორც ცნობილია დაუნის სინდრომი ეწოდა მდგომარეობას (დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი), რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ეწყვილის ტრისომია ეწოდება, შესაბამისად თარიღი - 21 მარტი არის შერჩეული 21 ექრომოსომის, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მე-3 თვე ტრისომიული მოვლენის სიმბოლოდ.
რატომ ჭრელი წინდები? - მოგეხსენებათ, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოში საინფორმაციო ღონისძიებები რამდენიმე წელია იმართება. აქტივობების ფარგლებში, ნებისმიერი ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა, გადაიღოს ფოტო ჭრელი წინდებით. რამდენადაც წინდა, სიმბოლურად, ქრომოსომის ფორმას გვაგონებს. კამპანიის მიზანია, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საჭიროებების შესახებ და სახელმწიფოს მხარდაჭერის მოპოვება.