საზოგადოება
21.03.2022 12:57
მხარის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტების მერები „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე მუნიციპალიტეტის მერებთან და მერების მოადგილეებთან ერთად „მერსი ქორფსის“ (Mercy Corps Georgia) წარმომადგნელებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტი - „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) განიხილეს.

ცნობისთვის, პროექტი, მთლიანობაში 18 მუნიციპალიტეტს მოიცავს, აქედან სამს - კასპის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები, შიდა ქართლის რეგიონში.

შიდა ქართლის გუბერნატორის თქმით, საჯარო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონის განვითარების მიზნით საჭირო და ცალსახად მნიშვნელოვანია.

„ყოველი ახალი პროექტი საშუალებას იძლევა ხელი შეეწყოს ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებას, პროფესიული უნარების ამაღლებას და ამ კონკრეტული პროექტის მაგალითზე, მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას,რაც პირდაპირ კავშირშია რეგიონის განვითარებასთან. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ერთობლივი ძალებით მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვას,“ - განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს მინიმუმ 1500 ახალგაზრდის ხელშეწყობას, განავითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, შედეგად კი, შექმნან 50 მდგრადი ახალი ან განაახლონ არსებული საწარმო როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე, არასასოფლო-სამეურნეო დარგში.

კვირის ამბები