2012 წლის 21 მარტიდან, ყოველ წელს აღინიშნება ტყის საერთაშორისო დღე. თარიღი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა.
ამ დღის მიზანია ტყეების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ტყეები მთელი ხმელეთის 30% -ზე მეტ ნაწილს ფარავს და მოიცავს 60 000-ზე მეტ ხის ჯიშს, რომელთაგან, ბევრი სახეობა ჯერ კიდევ შესასწავლია. ტყე ამარაგებს მსოფლიოს მოსახლეობის 1.6 მილიარდზე მეტ ადამიანს საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით.
„დღეს ტყის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. ტყე საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 42% უჭირავს. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, „საქართველოს 2030 წლის კლიმატის სტრატეგიის“ თანახმად, ქვეყანამ 2030 წლისთვის 4000 ჰექტარზე მეტ ფართობზე უნდა უზრუნველყოს დეგრადირებული ტყეების აღდგენა. ეროვნული სატყეო სააგენტო, ტყის აღდგენის ღონისძიებებს სწორედ ამ სამიზნე მაჩვენებლის გათვალისწინებით ახორციელებს“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მიუხედავად იმისა, რომ ტყეები კრიტიკულ როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილებებში (იგულისხმება გლობალური დათბობა), სტატისტიკა აჩვენებს - მსოფლიოს მასშტაბით, ყოველ წელს, 13 მილიონამდე ჰექტარი ტყე ნადგურდება.