21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ეს თარიღი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიოს მასშტაბით 2011 წლიდან დაწესდა.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაცია - „Down Syndrome International“, ზემოხსენებული სინდრომის მატარებელი პირების ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად განსაზღვრავს მსოფლიო გზავნილებს.
მოწოდებების შინაარსი ყველა იმ გამოწვევასა და საჭიროებას მოიცავს, რაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ცხოვრების მანძილზე ხვდებათ.
მსოფლიოში ყოველი 800-დან 1 ბავშვი დაუნის სინდრომით, ანუ გენეტიკური ცვლილებით (21-ე ქრომოსომის გასამებით) იბადება. დაუნის სინდრომი პირველად 1866 წელს, ბრიტანელმა მეცნიერმა ჯონ ლენგდონ დაუნმა აღწერა, შესაბამისად, სინდრომს მეცნიერის გვარი ეწოდა.