სამართალი
18.12.2019 11:56
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს

საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, წარწერები „ამ ცხოვრების დედაც“, წუხელ გორშიც გაჩნდა. შენობების ფასადებზე გაკეთებული ამგვარი ფრაზით, მოქალაქეებმა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დედაქალაქში მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს, რის საფუძველზეც 15 წლის მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობის შემდგომ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ფაქტი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა, სასწავლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე კედელზე გაკეთებული წარწერის - „ამ ცხოვრების დედაც“ - გამო სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას მიმართა. გამოძიების პროცესში, ერთ-ერთმა მოსწავლემ, 15 წლის ლუკა სირაძემ, დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და მეცხრე სართულიდან გადმოხტა. რამდენიმედღიანი ინტენსიური მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, გუშინ საღამოს, 20:10 საათზე, მოზარდი გარდაიცვალა.

გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი აგრძელებს. გამოძიების დასრულებამდე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს უფლებამოსილება შეუჩერდათ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, უწყების ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციის განყოფილებაში არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა, თუმცა იმ კითხვებს, რაც დღეს არსებობს საზოგადოებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა. ამასთან, როგორც აღვნიშნე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მოთხოვნილი მასალა ჩვენს მიერ უკვე მიეწოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს,“ - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

კვირის ამბები