სპორტი
18.03.2022 16:29
გორში, საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაცია აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით პროექტს განახორციელებს

საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, თამაზ შიოშვილს შეხვდნენ და დაგეგმილი პროექტის დეტალები განიხილეს. როგორც ცნობილია, საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნულმა ფედერაციამ აშშ საელჩოს მიერ გამოცხადებული „2021 წლის კულტურული და საგანმანათლებლო მცირე გრანტების“ პროგრამის გამარჯვებულის სტატუსი მოიპოვა. კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „გორის ბავშვთა ლიგა: ბეისბოლი და სოფტბოლი როგორც ჯანსაღი, კულტურული ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის“ (Little League Gori. Baseball and Softball as Healthy Cultural Bridge between Georgia and the USA), მიზანს საქართველოსა და აშშ-ს შორის კულტურული კავშირის გაძლიერება წარმოადგენს.

როგორც ფედერაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, პროექტის მეშვეობით ჩამოყალიბდება მსოფლიოში უდიდესი ბავშვთა სპორტული ორგანიზაციის „Little League“-ის ახალი, გორის ლიგა და გორი გახდება აღნიშნული ორგანიზაციის ნაწილი.

„პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდა გორის მმართველ ორგანოებთან მოლაპარაკება და საჭირო ინვენტარის შეძენა. გაიმართა ოფიციალური შეხვედრა ფედერაციის დელეგაციასა და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილს შორის. გორის მერიამ მხარი დაუჭირა აღნიშნულ პროექტს და გამოუყო გორის ლიგას მოედანი წვრთნების ჩასატარებლად. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით აშშ-ის საელჩოს საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტის მერიას და Little League-ს. წარმატებას ვუსურვებთ ბეისბოლისა და სოფტბოლის ლიგას გორში“, - ნათქვამია საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, პროექტის შემდეგი ეტაპი სპორტის აღნიშნული სახეობების პოპულარიზაციის მიზნით, გარკვეულ აქტივობებს მოიცავს, მათ შორის ახალგაზრდების მოზიდვას და წვრთნების დაწყებას.

კვირის ამბები