აცრების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, შემცირდა ტესტირების მსურველთა რაოდენობაც, მაგალითად, დღეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ტესტირებაზე მხოლოდ ერთმა მოქალაქემ მომართა, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ მუნიციპალუიტეტის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.
მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, ცენტრის თანამშრომლებით დაკომპლექტებული ჯგუფები გეგმურ ტესტირებებს უცვლელი რეჟიმით, ინტენსიურად ატარებენ.
,,მნიშვნელოვნად არის შემცირებული ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა, შეიძლება ითქვას, რომ ძირითად შემთხვევაში ის პირები იცრებიან, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების წახალისების პროგრამა ეხებათ, სხვა მხრივ კი, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მომართვიანობა უკიდურესად შემცირებულია. ამის პარალელურად გეტყვით იმასაც, რომ ძალზე შემცირდა ტესტირებაზე მომართვიანობაც, მაგალითად, დღეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მხოლოდ ერთმა მოქალაქემ მოგვმართა. ვფიქრობ, ამის ძირითადი მიზეზი არის ის ფაქტი, რომ უმეტეს შემთხვევაში, ვირუსული ინფექცია მიმდინარეობს გართულებების გარეშე, მსუბუქი სიმპტომების თანხლებით. რაც შეეხება გეგმურ ტესტირებას დაქვემდებარებულ ჯგუფებს, ამ პირების ტესტირება მიმდინარეობს ჩვეული გრაფიკით, ინტენსიურად და ვირუსული ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში, ვმოქმედებთ დადგენილი პროტოკოლით, დადასტურების შემთხვევაში, ეძლევათ შესაბამისი რეკომენდაცია. ჩვენი ცენტრის ჯგუფები, რომლებიც გასულები არიან მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ზონაზე, ასევე ატარებენ ტესტირებას აივ ინფექციასა (შიდსსა) და C ჰეპატიტზე. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციაც - ზემოთჩამოთვლილი კვლევების გარდა, ჩვენთან ტარდება ანტისხეულებზე კვლევაც“, - აღნიშნა მარი გიუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოქმედებს და კვლევები უფასოდ ტარდება.