საზოგადოება
18.03.2022 13:22
გორთან დამეგობრებულ უკრაინულ ქალაქ მელიტოპოლში მორიგი დახმარება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაგზავნა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გარკვეული თანხა შევაგროვეთ და გორის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ უკრაინულ ქალაქ მელიტოპოლს ჰუმანიტარული ტვირთი გავუგზავნეთ, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ განუცხადა.

როგორც რაზმაძემ აღნიშნა, გორის საკრებულოს დახმარების თხოვნით ქალაქ მელიტოპოლის მერის თანაშემწემ ოფიციალური წერილით მიმართა, თუმცა, საქველმოქმედო ღონისძიება საკრებულომ მანამდე დააორგანიზა.

„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში რამდენიმე დღის განმავლობაში გროვდებოდა უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი. შეგროვდა თბილი ტანსაცმლი, არამალფუჭებადი პროდუქტი, პირველადი მოხმარების საგნები და ჰიგიენის საშუალებები. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გარკვეული თანხა შევაგროვეთ და შევიძინეთ გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი.

საკრებულოში, გორის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებული ქალაქის - მელიტოპოლის მერიიდან დახმარების თხოვნის წერილი შემოვიდა, ეს იყო მანამ, სანამ მელიტოპოლის მერს ოკუპანტები დაატყვევებდნენ. აქვე გეტყვით, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩვენი მეგობარი მუნიციპალიტეტისთვის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია უკვე დაწყებული ჰქონდა, შესაბამისად, ტვირთის შეგროვება და გაგზავნა უმოკლეს დროში მოხერხდა. მოხარული ვარ, რომ ამ ეტაპზე, მელიტოპოლის მერი ტყვეობიდან გათავისუფლებულია“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის დასახმარებლად გორში მიმდინარე ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, დახმარება გაიგზავნა საინიციატივო ჯგუფის - „ახალგაზრდები უკრაინისთვის“ კამპანიის ფარგლებშიც და ასევე, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გაიგზავნა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შეგროვილი ტვირთი.

კვირის ამბები