„ძაღლების შორეული ყეფა“ - აღმოსავლეთ უკრაინაში სიმონ ვილმონტის მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება გორის ხელოვნების სახლში გაიმართება
კვირას, 20 მარტს, გორის ხელოვნების სახლში, სიმონ ვილმონტის ფილმის - „ძაღლების შორეული ყეფა“ ჩვენება გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი „კულტურა რეგიონებში“, რაც შეეხება ფილმის შინაარსსა და ჩვენების მიზანს, ფილმი აღმოსავლეთ უკრაინაშია გადაღებული და აღწერს 10 წლის უკრაინელი ბიჭის ცხოვრებას საომარ ზონაში. მიზანი კი, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობისა და მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვაა.
როგორც ღონისძიების ინიციატორები აცხადებენ, ფილმი საზოგადოებას დაფიქრებს იმაზეც, თუ რას ნიშნავს ომი და როგორ აისახება ის მშვიდობიანი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ბავშვების ცხოვრებაზე.
ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.
„კინოჩვენებების პარალელურად, გაიყიდება ფოტოები სიმბოლურ ფასად, თანხა უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში გადაირიცხება. უკრაინელი ხალხის მხარადსაჭერად შეგროვდება პირველადი საჭიროების ნივთები და არამალფუჭებადი პროდუქტები. აქვე გეტყვით, რომ კვირეულის მხარდამჭერები არიან: გამოცემა ,,ინდიგო“, ფილმის ავტორი სიმონ ვილმონტი და ,,სინედოკ თბილისი“.
რაც შეეხება ფილმის სცენარს, 10 წლის უკრაინელი ბიჭი, ოლეგი, საყვარელ ბებიასთან ერთად სოფელ ჰნუტოვში ცხოვრობს და წასასვლელი არსად აქვთ, ამიტომ ისინი სოფელში რჩებიან და უყურებენ, როგორ ტოვებენ სხვები სახიფათო ზონას.
ფილმში ასევე ნაჩვენებია, როგორ ირყევა ბავშვის სამყარო იმის აღმოჩენით, რა საფრთხეები და გამოწვევები ახლავს ომს.
„ძაღლების შორეული ყეფა“ უკრაინელი ბავშვების ცხოვრებაზე დაკვირვებით ააშკარავებს ომის შედეგებს , ასევე იმ ჭრილობებსა და ცხოვრების გაკვეთილებს, რომლებიც ამ თაობას მომავალში გაჰყვება“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
გორის გარდა, ფილმის ჩვენება სხვადასხვა რეგიონის კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი.