საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ფსიქოსოციალურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს საქართველოში უკრაინიდან ჩამოსულ სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით 10 ლოკაციაზე: თბილისი - 2; თელავი; რუსთავი; გორი; ქუთაისი; ბათუმი; ახალციხე; ფოთი; ზუგდიდი.
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მიზანია დროული და დაუყოვნებელი ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების მიმღებთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
მანდატურის სამსახური ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციისთვის ცხელი ხაზის ნომერსაც აქვეყნებს: 08 00 00 00 88.
აღნიშნულის პარალელურად, ცენტრი მოხალისეობის პროცესში ჩართულ ან მოხალისეობის მსურველ პირებს პროფესიის განურჩევლად, სთავაზობს მოკლევადიან ტრენინგს. ტრენინგი მოიცავს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, საჭიროებების იდენტიფიცირებას და დახმარების პროცესის მიზნობრივ ორგანიზებას.