საზოგადოება
18.03.2022 10:50
უამინდობის გამო საქართველოს გზებზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე რეგულაციები კვლავ მოქმედებს.

უწყების ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.

გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს შემდეგ მიმართულებებზე:

 

 

  • თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
  • ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ. 94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
  • თოვის და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
  • ლიპყინულის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  • ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ. 39-კმ. 62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
  • ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ. 70-კმ. 186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. მესტია-უშგულის მონაკვეთზე კი მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, აღნიშნულ გზებზე გადაადგილებისას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

კვირის ამბები