სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
მოქალაქეებთან შეხვედრებს გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თანამშრომლებთან ერთად ესწრება და ადგილობრივების მოსაზრებებს პირადად ეცნობა.
„სოფლის კრებები და კონსულტაციები თებერვლის თვეში დაიწყო და მუნიციპალიტეტის 112 სოფელში გაიმართება. პროგრამის ფარგლებში, თითოეულ სოფელში 10-დან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
2022 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი“,- აცხადებენ გორის მერიაში.
შეგახსენებთ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივები სოფლის კრებეზე განიხილავენ და ხმათა უმრავლესობით არჩევენ.
ცნობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.