საზოგადოება
17.03.2022 16:44
უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცემათ - განათლების სამინისტრო

უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს საქართველო სთავაზობს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე სხვა ენებზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომელიც უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩარიცხვას ეხება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეების ჩარიცხვა მოხდება იმ კლასში, რომელ კლასშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინაში.

„უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე სხვა ენებზე.

დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას.

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე - (995 32) 2 200 220“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები