ყველა ნიშანი, რაც ეპიდვითარებას განსაზღვრავს, საკმაოდ სწრაფი ტემპით უმჯობესდება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, ეპიდსიტუაციის დასტაბილურების მიუხედავად, პირბადის ტარება კვლავაც მნიშვნელოვანია.
„ჩვენთან ცირკულაციაში არის „ომიკრონი“ და მიმდინარეობა სრულ კონტროლს ექვემდებარება. საკმაოდ სწრაფი გაუმჯობესების სურათი გვაქვს. საქართველოში ბოლო პერიოდში აშკარად შეინიშნება ეპიდემიის გაუმჯობესების ნიშნები. დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობა იყო 888, დადებითობის მაჩვენებელიც სწრაფად იკლებს, ხუთ პროცენტს ჩამოსცდა. ვიმედოვნებთ, მეტად დაიკლებს. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ შესაძლოა, უკვე დავიწყოთ საუბარი პანდემიური გავრცელებიდან ენდემურ გავრცელებაზე, რაც არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ სჭირდება ამ მიმდინარეობას. ფართო გავრცელების მოლოდინი უკვე არ უნდა გვქონდეს. ვფიქრობთ, უფრო მეტად ლოკალური, ადგილობრივი ხასიათის იქნება და არა პანდემიური ხასიათის. თუმცა, ჯერჯერობით პირბადის ტარება მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე ეფექტური გზა ინფექციის დაცვისგან არის პირბადე“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.