საზოგადოება
17.03.2022 13:21
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში არცერთი დაუზიანებელი შენობა აღარ არსებობს - რა ხდება ქალაქში, რომელსაც 13 მარტს უკრაინის გმირი ქალაქის სტატუსი მიენიჭა

უკრაინაში რუსული საჯარისო დანაყოფების შეჭრიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, ქვეყანა 3 მილიონამდე ადამიანმა დატოვა, გარდაცვლილთა შესახებ ზუსტი სტატისტიკა უცნობია, თუმცა უკრაინის გენერალური პროკურორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 100-ზე მეტი ბავშვია. საომარი მოქმედებების შედეგად ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურდა.

განადგურებულია საცხოვრებელი შენობები, სამთავრობო დაწესებულებები, სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები, გზები. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქი მარიუპოლი, სადაც, ფაქტობრივად, არცერთი დაუზიანებელი შენობა აღარ არსებობს. სრულადაა განადგურებული კომუნიკაციები, შესაბამისად, მოსახლეობას აღარც გათბობის საშუალება აქვს, აღარც წყალი მიეწოდება, არც გაზი და ელექტრო ენერგია და არც სატელეფონო კავშირი არ არსებობს. ქალაქის მერის მოადგილის, სერგეი ორლოვის განცხადებით, საოკუპაციო ძალები საშუალებას არ აძლევენ, რომ ქალაქში ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს, ამ მძიმე მდგომარეობაში, მოსახლეობის ნაწილი თოვლს ადნობს, ნაწილი კი სასმელ წყალს გუბეებიდან იღებს.

ქალაქი მარიუპოლი, (1989 წლამდე - ჟდანოვი), უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, აზოვის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს. 2021 წლის მონაცემებით, მარიუპოლის მოსახლეობა 431 859 ადამიანს შეადგენდა.

2014 წელს, დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, როდესაც დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა შეიქმნა, მარიუპოლი დროებითი ადმინისტაციული ცენტრი გახდა.

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 13 მარტს, მარიუპოლს უკრაინის გმირი ქალაქის ტიტული მიენიჭა.








კვირის ამბები