ძალიან მძიმე ვითარებაა უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობა განსაცდელშია. იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, იბომბება ქალაქები, სამწუხაროდ, მსხვერპლი დიდია. საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტში, ,,მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ვახტანგ გომელაურმა მოხსენება სწორედ უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებზე საუბრით დაიწყო. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა პოლიტიკურად ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს უკრაინას.
„ჩვენთვის ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მტკივნეული. 2008 წელს, ამ აგრესიით, ომით გამოწვეული შედეგები ჩვენ საკუთარ სამშობლოში გამოვცადეთ და გადავიტანეთ. მე, როგორც რიგითი ქართველი და როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, კიდევ ერთხელ, სრულ და ღია მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ძალიან მძიმე და რთული ვითარებაა უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობა განსაცდელშია. იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, იბომბება ქალაქები, სამწუხაროდ, მსხვერპლი დიდია.
საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
საქართველოს მთავრობა პოლიტიკურად ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს უკრაინას, ამასთანავე, საქართველოდან შეუფერხებლად იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, ,,მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.
ვახტანგ გომელაურმა იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რაც შსს-ს ინიციატივით განხორციელდა და ამასთანავე, ყურადღება გაამახვილა უახლოეს მომავალში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზეც.