საზოგადოება
17.03.2022 12:25
გორელი ახალგაზრდებისთვის საინტერესო სივრცე, პროექტები და ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება - ფოტოგრაფთა კლუბის საქმიანობა და გეგმები
გორელი ახალგაზრდებისთვის საინტერესო სივრცე, არაერთი საინტერესო პროექტი, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება - სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს გორელ ფოტოგრაფთა კლუბი. როგორც „გორის მაცნესთან“ საუბრისას კლუბის ხელმძღვანელმა ოთო გვრიტიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე პროექტების პარალელურად, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებენ, გორელ ფოტოგრაფთა კლუბს აქვს საკუთარი აქტივობებიც - მათთან განთავსებულია მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი და დატვირთულია საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცეც.
„გორელ ფოტოგრაფთა კლუბი ამ ეტაპზე ახორციელებს პროექტს - „კაბადონი“, რომელიც დაფინანსებულია „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ - SCOPE (SCOPE პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით) ფარგლებში.

პროექტით გათვალისწინებულია ინტელექტუალური თამაშის შექმნა და გამართვა, რომელშიც ჩართულები იქნებიან გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის გუნდები. თამაში მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას სამართლებრივ საკითხებზე, ადამიანის უფლებებზე და სხვადასხვა მიმართულებით.
თამაში დაგეგმილია სატელევიზიო შოუს ფორმატში, რომელიც განთავსდება ადგილობრივი მედიასაშუალების ეთერში და სოციალურ ქსელებში. ამასთან, გაიმართება 3 საჯარო ლექცია ახალგაზრდებისათვის ადამიანის უფლებების, გუნდურობის და ლიდერობის შესახებ“, - აღნიშნა ოთო გვრიტიშვილმა.

კიდევ ერთი სიახლის განხორციელება, რომელიც კლუბის ხელმძღვანელმა „გორის მაცნესთან“ საუბრისას დაანონსა, აპრილშია დაგეგმილი. მომდევნო თვიდან, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაინტერესებულ ახალგაზრდებს, ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე დასწრების და კინო და სამაგიდო თამაშების კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობაც მიეცემათ.
კვირის ამბები