საზოგადოება
17.03.2022 11:33
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამაში ცვლილებებია - რა სიახლეს სთავაზობს მერია მოქალაქეებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ პროგრამაში, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსებას გულისხმობს, მიმდინარე წელს სიახლე დაინერგა.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მოქალაქეებს, პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მისაღებად, 5 პრიორიტეტულ მიმართულებაზე მერიაში განსახორციელებელი პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენა აღარ მოუწევთ.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების  მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამაში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერია გარკვეული კატეგორიის პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას მომზადების პასუხისმგებლობას იღებს. ასეთი პროექტებია: შენობის ან მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები; სახურავის რეაბილიტაცია (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი); სასმელი წყლის და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; სადარბაზოების რეაბილიტაცია; ეზოების კეთილმოწყობა; საბავშვო მოედნების მოწყობა.

გარკვეული კატეგორიის პროექტებისთვის (შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს მოსაწყობად, ლიფტისა და ფასადის რეაბილიტაციისთვის) კი, თანადაფინანსების მისაღებად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება კვლავ მრავალსართულიანი კორპუსების ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების ვალდებულად რჩება“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამა, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში რამდენიმე წელია ხორციელდება. პროგრამა მოქალაქეებს მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს. ცნობისთვის, პროგრამის ფარგლებში ინიცირებული პროექტების ღირებულების 90%-ი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კვირის ამბები