საზოგადოება
16.03.2022 17:28
საინიციატივო ჯგუფის ,,ახალგაზრდები უკრაინისთვის“ კამპანიის ფარგლებში, გორიდან უკრაინაში მორიგი დახმარება იგზავნება

უკრაინის დასახმარებლად გორში მიმდინარე ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, მორიგი დახმარება საინიციატივო ჯგუფის - ,,ახალგაზრდები უკრაინისთვის“ კამპანიის ფარგლებში შეგროვდა.

კამპანიას კოორდინაციას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიგა გელაშვილი უწევს. როგორც გელაშვილმა ,,გორის მაცნესთან“ აღნიშნა, ძალზე ბევრმა ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი, რომ აქციაში მიეღო მონაწილეობა.

,,გორის მუნიციპალიტეტში კვლავ გრძელდება ჰუმანიტარული აქცია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ამჯერად, საინიციატივო ჯგუფის - ,,ახალგაზრდები უკრაინისთვის“ კამპანიის ფარგლებში შევაგროვეთ ეს ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც მოიცავს პირველადი საჭიროების ნივთებს, არამალფუჭებად პროდუქტებს, სამოსს. მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ძალზე ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო ამ კამპანიაში მონაწილეობა. ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ კიდევ ერთი ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, გორთან დამეგობრებულ ქალაქ მელიტოპოლში იგზავნება ტვირთი, რომლის მობილიზებაც საკრებულომ უზრუნველყო“, - განაცხადა გიგა გელაშვილმა.

ცნობისთვის, რეგიონში მიმდინარე ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველ ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში რამდენიმე დღის წინ უკვე გაიგზავნა. 
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც - კასპიდან, ქარელიდან და ხაშურიდან. 

კვირის ამბები