საქართველოს მთავრობის ინიციატივით თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შემდეგ, ქვეყანაში უკვე შემოვიდა 35-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. როგორც ცნობილია, წამლების ფასი, ამ დრომდე არსებულ ღირებულებასთან შედარებით, საშუალოდ 60-80%-ით არის შემცირებული.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების შეძენა, საქართველოს მოსახლეობას, ამ ეტაპზე, ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში „ფარმადეპო“-სა და „ავერსი“-ს ფილიალებში შეუძლია. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი დასახელების მედიკამენტი - „ქსალერტო“ არის წარმოდგენილი „პსპ“-სა და „ფარმსახლი“-ს სააფთიაქო ქსელში.
„მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჯანდაცვის სამინისტროში, ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. დაახლოებით, ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.