ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი“ მონაწილეთა რეგისტრაცია 25 თებერვალს დაიწყო და 25 მარტს დასრულდება. კონკურსი 2020 წელს დაარსდა და მისი დამფუძნებელი და კოორდინატორი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი გახლავთ.
როგორც ცნობილია, კონკურსი ფართომასშტაბიანია და მონაწილეობა ქვეყნის ყველა კუთხის წარმომადგენელს შეუძლია. წესდების მიხედვით, საკონკურსოდ დაიშვება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გამომცემლობათა და ლიტერატურული პერიოდიკის მიერ 2021-2022 (25 თებერვლის ჩათვლით) წლებში ნაბეჭდი სახით გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოები.
ცნობისთვის, პრემია „მაჩაბელი“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო პოეტური ციკლი/კრებული; საუკეთესო პროზაული ნაწარმოები; საუკეთესო კრიტიკული/ესეისტური/პუბლიცისტური კრებული; საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი. კონკურსის ორგანიზატორთა ინფორმაციით, თითოეულ საკონკურსო ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემა პრემია 2000 ლარის ოდენობით.
კონკურსზე განიხილება ბეჭდური სახით გამოცემული და ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნებული პროდუქცია; კონკურსი გრძელდება 3 თვის განმავლობაში. საკონკურსო მასალების მიღების შემდეგ გამოქვყნდება კონკურსზე წარდგენილი ლიტერატურული პროდუქციის სრული სია, მაისის ბოლოს კი, ცნობილი გახდება ფინალისტთა სია, ხოლო გამარჯვებული ავტორების ვინაობა დაჯილდოების ცერემონიალზე, 2022 წლის 9 ივნისს გამოვლინდება.
ლიტერატურულ კონკურსში „მაჩაბელი“ მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი. ცნობისთვის, კონკურსზე წარდგენილი პროდუქცია არ უნდა იყოს სხვა ლიტერატურულ კონკურსზე პრემირებული; საკონკურსო მასალა არ უნდა წარმოადგენდეს განმეორებით გამოცემას; ლიტერატურული პროდუქციის კონკურსზე წარმოდგენა და შესაბამისი ელექტრონული განაცხადის შევსება შეუძლია, როგორც ავტორს, ისე გამომცემლობას ან ლიტერატურული პერიოდიკის რედაქციას; ავტორმა/გამომცემლობამ უნდა წარადგინონ ნაბეჭდი სახით/ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნებული ლიტერატურული პროდუქციის ელექტრონული ვერსია PDF ფორმატით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: litkonkursimachabeli2022@gmail.com