საზოგადოება
15.03.2022 13:09
15 მარტი ქართული არტილერიის დღეა
დღეს, 15 მარტს, ქართული არტილერიის დღე აღინიშნება. როგორც ქვეყნის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, ქართული არტილერიის ისტორია XVIII საუკუნიდან იწყება, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში გრძელდება და დღემდე მოდის.

ქართველმა არტილერისტებმა, საკუთარი პროფესიონალიზმი და სამშობლოსთვის თავდადება არაერთხელ დაამტკიცეს.
არტილერიის დღის 15 მარტს აღნიშვნის ტრადიციაც სწორედ ამ თავგანწირული ბრძოლების ნაწილია და საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან ფურცელს უკავშირდება.

„1993 წლის 15 მარტს, რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა და აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს.

14-დან 16 მარტის ჩათვლით სოხუმისკენ წამოსულ მტერს ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. დიდი მსხვერპლის გამო, მოწინააღმდეგე ძალები იძულებულნი გახდა, უარი ეთქვა შეტევაზე და უკან დაეხია.

15 მარტი ქართული არტილერიის დღედ სწორედ ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვების გამო გამოცხადდა“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები