უამინდობის გამო, ხვნა-თესვის პროცესი გორის მუნიციპალიტეტში შეფერხებით მიმდინარეობს, თუმცა, შესაძლებლობის შემთხვევაში, მეურნე-ფერმერებს ხეხილის სხვლა-ფორმირება ამ დროისთვისაც შეუძლიათ, - აღნიშნულის შესახებ GMnews-თან სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მამუკა ლომსაძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, გაჭიანურებულმა ზამთარმა ჩვენ რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეჩერება გამოიწვია. მართალია, ფერმერების ნაწილმა შემოდგომით მოახერხა სათესი სავარგულების დამუშავება, თუმცა, ეს საკმაოდ რაოდენობა არ გახლდათ. გეტყვით იმასაც, რომ მეურნე-ფერმერებს, ვინც ვერ მოასწრო საგაზაფხულო ქერის დათესვა, გამოამინდების შემთხვევაში შეუძლიათ ეს მარცვლეული მარტის ბოლომდე დათესონ. რაც შეეხება სხვა კულტურებს, აგროვადები ამ შემთხვევაში არ ირღვევა. ასევე, არ გვიანდება ხეხილის სხვლა-ფორმირებაც. უფრო მეტიც, თუ შესაძლებლობა ექნებათ, ფერმერებს შეუძლიათ აღნიშნული საქმიანობა ასეთ ამინდებშიც აწარმოონ,“ - აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.