საბავშვო მწერალსა და მთარგმნელს, ვასილ გულეურს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო-საყმაწვილო პრემია მიენიჭა. მწერალთა სახლში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებაზე გამარჯვებულები რვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით, ვასილ გულეურის ავტორობით გამოცემული, 7 დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებზე გათვლილი ლიტერატურული ნამუშევარი - „მიკო და რეი“ საუკეთესოდ დასახელდა, ავტორს კი, ზემოხსენებული პრემია მიენიჭა.
„რა თქმა უნდა, გამიხარდა ლიტერატურული პრემია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელობისაა, თუმცა, ამ სიხარულს ერთგვარად აფერმკრთალებს ის, რომ დღეს ბავშვების დიდ ნაწილს არ აქვს განათლების, ჯანსაღი ცხოვრების საშუალება, ხელი არ მიუწვდებათ დასვენებაზე, მათი დიდი ნაწილი ძალადობის მსხვერპლია ოჯახშიც, სკოლაშიც, საზოგადოებრივი ინსტიტუტების მხრიდანაც. ხშირია მოზარდების სუიციდის შემთხვევები და კიდევ უამრავი პრობლემა აქვთ. საბავშვო ლიტერატურა ბავშვებისთვის იქმნება და თუკი ბავშვი არ იქნება ქვეყანაში დაცული, თუკი ბავშვის უფლებები დაირღვევა ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მაშინ ფასს კარგავს ყველაფერი. სწორედ ამიტომ მინდა ეს პრემიაც მივუძღვნა ყველა ბავშვს და ვისურვო, რომ ბავშვების უფლებები იყოს დაცული და ჩვენ, ყველანი, განურჩევლად პროფესიისა და საქმიანობისა, ვზრუნავდეთ ამაზე“, - განაცხადა GMnews-თან საბავშვო მწერალმა ვასილ გულეურმა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2017 წელს დააარსა. პრემია ყოველწლიურია და მისი მიზანი საბავშვო მწერლებისა და გამომცემლების გააქტიურება და წახალისებაა.
ცნობისთვის, ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი – ვასო გულეური, არა მარტო ქართველი ბავშვების საყვარელი ავტორია. მისი მოთხრობები, ზღაპრები და ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენაზე.