საზოგადოება
15.03.2022 11:26
„მე ვგეგმავ ჩემი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს“ - კონკურსი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16-29 წლამდე ახალგაზრდებისთვის
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, იწყებს კამპანიას „მე ვგეგმავ ჩემი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს“ და აცხადებს კონკურსს გორის სამოქალაქო ბიუჯეტის ახალგაზრდული კლუბის წევრების შესარჩევად.
„თუ ხარ 16-29 წლის, ცხოვრობ გორის მუნიციპალიტეტში და გაქვს სურვილი, ჩაერთო შენი თემის განვითარების პროცესში, გსურს, რომ მიიღო მონაწილეობა შენი ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა. კამპანიის მიზანია თვითმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის სტიმულირება და სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის პოპულარიზება. კამპანია რამდენიმე ეტაპისგან შედგება. წარდგენილი და დადასტურებული პროექტებიდან გამოვლინდება და დაჯილდოვდება გამარჯვებული პროექტის ავტორი ან ავტორთა ჯგუფი შემდეგ ნომინაციებში: ყველაზე კრეატიული პროექტი, ყველაზე ახალგაზრდული პროექტი, ყველაზე სოციალური პროექტი“, - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.
რაც შეეხება ზემოხსენებული პროექტის განხორციელების ვადებს, კამპანიის განხორციელების პერიოდი მოიცავს 2022 წლის აპრილ-ოქტომბერს. კამპანიის დასრულების შემდეგ კლუბის წევრებს გადაეცემათ სერტიფიკატები. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 2022 წლის 28 მარტის ჩათვლით. დაწვრილებითი ინფორმაცია კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www. facebook. com/ samokalakobiujetigorshi
კამპანია ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ (მეორე ფაზა) ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერითა და გორის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით.
კვირის ამბები