რამდენიმედღიანი თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთებზე თოვლის საფარი კვლავ შენარჩუნებულია. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, ,,გორის მაცნე“ დაინტერესდა, შეიქმნა თუ არა თოვლის სახით მოსული ნალექის გამო პრობლემები გორის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში და რა მდგომარეობაა შიდა გზებზე. ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დავუკავშირდით.
როგორც სააგენტოს დირექტორმა „გორის მაცნესთან“ აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში მოსული ნალექის გამო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა და არც გზების გაწმენდის საჭიროება დამდგარა.„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცივი და ნალექიანი ამინდებია, ბოლო დღეებში მოსული თოვლის გამო, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შიდა გზებზე გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა. იმის გათვალისწინებით, რომ დღეიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, კიდევ გადავამოწმეთ რამდენიმე სოფელი მაღალმთიან ზონებში, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ შეფერხებები არ არის და გზის გაწმენდის საჭიროება არ დგას“, - განაცხადა გიორგი ბარჯაძემ.