ევროპასა და ამერიკაში კორონავირუსის ახალი შტამი „დელტამიკრონი“ გამოჩნდა, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ცერცვაძის თქმით, აღნიშნულის შესახებ მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფის მიერ გამოაქვეყნებული კვლევის შედეგებშია მითითებული. ახალი შტამი დელტასა და ომიკრონის ჰიბრიდია, რის გამოც, პირობითად, „დელტამიკრონი“ უწოდეს.
„ომიკრონის ტალღა დაღმავალია. მეკითხებიან, დამთავრდა პანდემია? ჯერ ამისი გარანტიები არ გვაქვს. კორონავირუსმა რამდენჯერმე გამოავლინა განახლების და ახალი შტამის შექმნის უნარი. დაფიქსირებულია ახალი შტამი, სულ ცოტა 17 ავადმყოფს დაუდასტურდა უკვე, აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში.
ეს შტამი არის „დელტას“ და „ომიკრონის“ შტამების ჰიბრიდი. პირობითად, მას დაარქვეს „დელტამიკრონი“. რამდენადაც ჯერ შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ვერ საუბრობენ, რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი და რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, ან რამდენად მძიმე ან მსუბუქი მიმდინარეობის იქნება. მას აქვს ომიკრონის სპაიკ ცილა, სპაიკ პროტეინი, ანუ ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად - გავრცელების სიჩქარეზე. სტრუქტურული ცილები კი აქვს დელტასგან. ამიტომ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს ომიკრონის გავრცელების უნარი (გადამდებლობა) და დელტას მიმდინარეობის სიმძიმე. სიმპტომებზე ინფორმაცია არ არის, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.