საზოგადოება
14.03.2022 17:37
რა მოცულობის ფულადი გზავნილები განხორციელდა საქართველოში 2021 წელს უკრაინიდან და რუსეთიდან და იმპორტ-ექსპორტის რა წილი მოდის აღნიშნულ ქვეყნებზე

ექსპერტების მოსაზრებით, ისეთ ქვეყნებს შორის ომი, რომლებთანაც საქართველოს იმპორტ-ექსპორტის მხრივ ურთიერთობები აქვს და ფულად გზავნილებსაც იღებს, ბუნებრივია, საკმაოდ ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

ამ დროსითვის არსებული სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს, საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის მთლიანი რაოდენობის 21% სწორედ უკრაინასა და რუსეთზე მოდის. უფრო კონკრეტულად, 2021 წელს საქართველოდან უკრაინაში თითქმის 307 მლნ. ამერიკული დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რუსეთის ფედერაციაში კი საქართველოდან 610 მლნ. აშშ. დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა.

სოლიდური ციფრებია იმპორტის მხრივაც - 2021 წელს, ქყვეყანაში იმპორტირებული საქონლის მთლიანი რაოდენობის 14.6%-ს შეადგინა უკრაინიდან და რუსეთიდან იმპორტის წილმა, რაც აშშ. დოლარში ამგვარად გამოიყურება: უკრაინიდან საქართველოში იმპორტის მოცულობამ 451 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რუსეთიდან კი დაახლოებით 1,22 მლრდ. აშშ. დოლარის საქონლის იმპორტი განხორციელდა (ნავთობი, პროდუქტები, მარცვლელული...).

კიდევ ერთი ფაქტორი - ფულადი გზავნილები. გასული წლის სტატისტიკით, საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 2,350 მლრდ. დოლარმდე თანხა შემოვიდა, საიდანაც დაახლოებით 21%, 500 მლნ. დოლარზე მეტი, უკრაინიდან და რუსეთიდან გზავნილების სახით გადმორიცხულ თანხებზე მოდის. უფრო კონკრეტულად - 2021 წელს, საქართველოში 93 მლნ. დოლარი გადმოირიცხა უკრაინიდან, 411 მლნ. დოლარი კი - რუსეთის ფედერაციიდან.

კვირის ამბები