14.03.2022 17:37
ბრიტანულ საპარლამენტო დებატებში გამართული ჩემპიონატი დასრულდა
ბრიტანულ საპარლამენტო დებატებში გამართული ჩემპიონატი სახელწოდებით - „სასკოლო დებატი 2022“ დასრულდა. პროექტის გამარჯვებულები № 9 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანა და ლალი გიგაურები გახდნენ.
როგორც „გორის მაცნესთვის“ გახდა ცნობილი, შეჯიბრება ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში გორის მუნიციპალიტეტის სკოლების 24 გუნდი და 48 მოსწავლე მონაწილეობდა.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „შიდა ქართლის ახალგაზრდულმა ცენტრი - ინოვატორი“ განახორციელა. ჩემპიონატთან ერთად, პროექტი ბრიტანული საპარლამენტო დებატების თემაზე ახალგაზრდების წინასწარ დატრენინგებასაც ითვალისწინებდა.
„ბრიტანული საპარლამენტო დებატები არგუმენტებით ფორმალური შეჯიბრებაა, რომელშიც 4 ჯგუფში განაწილებული 8 სპიკერი, ფორმალურად, პრემიერ-მინისტრის და ოპოზიციის ლიდერებს წარმოადგენს. თამაშის წესების მიხედვით, მთავრობის გუნდი წარადგენს მოქმედების გეგმას დასაბუთებული არგუმენტებით, ხოლო ოპოზიციის გუნდი ცდილობს, დაამტკიცოს მთავრობის გადაწყვეტილების უმართებულობა.
დებატების ჩემპიონატის მიზანია მონაწილეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავება და პიროვნების საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბება“, - ნათქვამია ინფორმაციაში რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.